გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.

პრემიერ-მინისტრი ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და ისრაელსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს არის განათლების, ეს არის სამართლიანობის, რაც თავისთავად გულისხმობს სინათლის ბნელეთზე გამარჯვების დღესასწაულს. ამ ყველაფერში უდიდესი სიმბოლიზმია ჩადებული. არ არსებობს დედამიწის ზურგზე არცერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათობით საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს არის ის უძლიერესი ემოციონალური საწყისი, რომელზეც დგას ჩვენი მეგობრობა და ჩვენი ძმობა. არ არსებობს არცერთი სხვა სახელმწიფო, რომლის გამოცდილებაც ასე მიესადაგება საქართველოს. არა მხოლოდ გამოწვევების კუთხით, არამედ შესაძლებლობების კუთხით",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წელი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების წელი იქნება.

"მე ვისურვებდი, რომ 2017 წელი ყოფილიყოს იმ უდიდესი მეგობრობის, ძმობის, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს. ასევე ჩვენს პარტნიორობაში და სახელმწიფოთა თანამშრომლობაში ტრანსფორმაციის კუთხით ეს ყოფილიყოს დასაწყისი უდიდესი თანამშრომლობის, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უდიდესი წარმატება. ისრაელი არის სტარტაპ ქვეყანა, სტარტაპ ნაცია, ასეა ცნობილი მთელს მსოფლიოში. საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ისრაელის დახმარებით მისი გამოცდილების გამოყენებით გახდეს ასეთივე ძალიან დიდი სახელმწიფო, როგორიც არის ისრაელი, დამოუკიდებელი, ძლიერი, სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ებრაელი მეგობრების, ჩვენი მოძმე ერის დახმარების და იცოდეთ, საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

საზეიმო საღამოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ციპი ხოტოველი და ისრაელის ქნესეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ, რომლებიც საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.