„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გურჯაანში აქციით დახვდნენ. „წადი“, „მოშორდი აქედან“, „რუსეთის მონავ“, „პუტინის კაცო“, - ყვიროდნენ მმართველი პარტიის აქტივისტები.
ბიძინა ივანიშვილი დღეს ყვარელში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც გურჯაანში, კოალიციის ოფისში, კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთი იყო გასული, ქვემოდან ხმაური რომ შემოისმა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან ათზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებდნენ, გურჯაანი დაეტოვებინა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტები მართავდნენ. განსაკუთრებით ასაკოვანი ქალბატონი იზო ხუნაშვილი და ახალგაზრდა უჩა ქემაშვილი აქტიურობდნენ.
აქციას შორიდან აკვირდებოდნენ გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კერატიშვილი, პოლიციის თანამშრომლები, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოგა პეტრუზაშვილი და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები.
ფოტოზე: იზო ხუნაშვილი, მარცხენა ხელით "სტალინელის" მოწმობას გვაჩვენებს, მარჯვენა ხელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრობის დამადასტურებელი მოწმობა უჭირავს