სირიის მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მომზადების საკითხზე „ნაციონალების“ წინადადებას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

სირიის მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მომზადების საკითხზე „ნაციონალების“ წინადადებას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებას ალეპოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ განცხადების მიღებასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა.

განცხადების პროექტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა და დღეს დაარეგისტრირა, თუმცა იმისთვის, რომ ბიუროს აღნიშნული საკითხი მომავალ პლენარულ სხდომაზე გაეტანა, იგი ხუთშაბათამდე უნდა დარეგისტრირებულიყო. დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, მისთვის გასაგებია პროცედურული საკითხები, თუმცა ვინაიდან პლენარული სესია მიმდინარე კვირას სრულდება, პარლამენტს სთხოვს პოლიტიკური ნება გამოვლინოს და განცხადება ამავე კვირას მიიღოს.

პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, რამდენად არსებობს თუ არა პროცედურიდან გადახვევის მსგავსი პრაქტიკა, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. მისი თქმით, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, მომავალ კვირაში პარლამენტს მოუწევს კიდევ ერთი, რიგგარეშე სხდომის გამართვა და შესაძლებელია, სირიის თემაზე განცხადების მიღების საკითხი ამ დროისთვის იქნას გადატანილი, ხოლო მანამდე კონსულტაციები გაიმართოს.

„ნეტა სირიის კრიზისი დღეს და ხვალ დამთავრდებოდეს. ასეთ პირი არ უჩანს და მე არ მგონია, თუ 1 კვირის დაგვიანებით ვიმსჯელებთ ამ განცხადების ტექსტზე, ამით პროცესებს ჩამოვრჩებით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ წესი იყოს პროცედურების დაცვა“, - განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.

„პოლიტიკური პოპულიზმის“ ნიშნები დაინახა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„საქართველო მთლიანად არის ჩართული იმ კამპანიაში, რაზეც მოგვიწოდებენ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რაღაც თემების უტრირება. პრემიერმა გამოთქვა ჰუმანიტარული დახმარების მზაობა და ამაზე მიდის კონსულტაციები გაერო-ს შესაბამის ოფისთან. შესაბამისად, არ მგონია, რომ ნორმიდან გადახვევა იყოს ის აუცილებლობა, რამაც ჩვენი პოზიციის გამოხატვა უნდა უზრუნველყოს. პოზიცია გამოხატულია. შესაბამისად, არ მგონია, ეს მოთხოვნა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რასაც თქვენ წარმოაჩენთ“, - განაცხადა მდინარაძემ, რაზეც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მთავრობის პოზიცია ერთია, ხოლო აქ საუბარია პარლამენტის მიერ პოზიციის დაფიქსირებაზე.

„ჩვენ იძულებული გავხდებით ვთქვათ, რომ თქვენ პროცედურულ საკითხებს იყენებთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად არ გსურთ ამ განცხადების მიღება. ჩვენ ვხედავთ, რომ პროცედურულად თქვენ ახლა აპირებთ მთელი დასტა კანონპროექტების მიღებას, რომელიც წაკითხული არავის აქვს ამ პარლამენტში. პოლიტიკური პოზიცია დაფიქსირებულია და განცხადებას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცახდა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სალომე სამადაშვილმა, რის შემდეგაც ბიუროს სხდომა შეხვედრაზე დასწრების მიზეზით დატოვა.

სალომე სამადაშვილის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„ასეთ განცხადებებს მე რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. ეს არის პარლამენტის შეურაცხყოფა, როცა ვამბობთ, რომ დეპუტატებს წაკითხული არ აქვს კანონი, რომელიც უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული განცხადების პროექტი დანარჩენი დეპუტატებისთვის ცნობილი საერთოდ არ არის.

„შესაძლებელი იყო, ტექსტი ბიუროს წევრებს დარიგებული გვქონოდა ბიუროს სხდომამდე. ეს არის ელემენტარული კორექტულობა და ერთმანეთის პატივისცემა. ახლა ჩვენ ვმსჯელობთ რაღაც განცხადებაზე, რომლის შინაარსი მე და ბიუროს წევრებმა არ ვიცით. ამიტომ, ნება იბოძეთ, და შემდეგში წარმოადგინეთ ეს განცხადებები“, - მიმართა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ინაშვილმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს პროვოკაციაში ითრევდეს.

საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მომზადების საკითხი არა მიმდინარე, არამედ მომავალი კვირის დღის წესრიგში შევა.