გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში სტუმრობენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე და მომავალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის როლსა და მის ფუნქციებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში გამართა, რაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ერთგულებას ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე და იმედი გამოითქვა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში წარმატებით დასრულდება.

ევროპარლამენტარების მხრიდან აღინიშნა საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის ლიდერის, როლი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მხრივ, მათ შორის – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა მხარდაჭერი რეზოლუციებისთვის და იმ თანამშრომლობისთვის, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ იჩენს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი კონსერვატორი, საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.