გიორგი გახარია ლარის კურსზე:   ეს არის მოკლევადიანი თემა, ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას

გიორგი გახარია ლარის კურსზე: ეს არის მოკლევადიანი თემა, ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ლარის კურსის გაუფასურებას მოკლევადიან თემად მიიჩნევს და მის დასტაბილურებას ელოდება.

როგორც გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველო არის პატარა, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახოს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომოკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ჩვენს ეკონომიკაზე რომ არ აისახოს. ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ის პროცესები, ის გეგმა, 4-პუნქტიანი გეგმაც, რომელსაც მთავრობა დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო სწრაფი, რაც „არის ერთადერთი საშაულება ლარის კურსის გრძელვადიანი დასტაბილურებისთვის“.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, როდესაც ის საუბრობს ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, გულისხმობს, როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს.

გახარიას თქმით, ექსპორტი ერთეულებში შემცირებულიც არ არის, თუმცა თანხაში შემცირებულია.

"ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო მოთხოვნა იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი საორიენტაციო, საექსპორტო ბაზრები, უბრალოდ შემცირებულია. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რომლებზეც ზემოქმედების ძალა ჩვენ საკმაოდ შეზღუდული გვაქვს. როდესაც მთავრობამ დაინახა, რომ იმ ძირითად საექსპორტო ბაზრებზე, რომლებზეც ვიყავით ძირითადად ორინეტირებულები, საერთო მოთხოვნა მცირდებოდა და მათ თავიანთი ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ, დაიწყო იმ გეგმების განხორციელება, რომელსაც ჰქვია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე გადასვლა უფრო სხვა ქვეყნებთან. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან და ა.შ. - გვინდა უფრო დივერსიფიცირებული ბაზარი გვქონდეს", - განაცხადა გახარიამ.