ჩვენ, ვინც ევროპულ ღირებულებებს, სტანდარტებს ვესწრაფვით, ხშირად უფრო ვაფასებთ ევროპულ მიღწევებს, ვიდრე რიგითი ევროპელი

ჩვენ, ვინც ევროპულ ღირებულებებს, სტანდარტებს ვესწრაფვით, ხშირად უფრო ვაფასებთ ევროპულ მიღწევებს, ვიდრე რიგითი ევროპელი

საქართველოს აქვს მხარდაჭერა ამერიკის შეერტებული შტატების კონგრესსა და სენატში, ორივე მათგანი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანული გამოცემა Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი. გამომდინარე აქედან, არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცვლილებებს რეგიონში ამერიკის როლთან დაკავშირებით.

ჩვენ არსებით მხარდაჭერას ვუწევთ ნატო-ს. ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია. ჩვენ გვსურს, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებას. მართალია, გვაქვს გარკვეული შეფერხებები, მაგალითად,  როგორც ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რაც, რასაკვირველია, გულდასაწყვეტია... მაგრამ, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეგობრები ბრიუსელში ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ პროცესების დასაჩქარებლად“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გაჭიანურება, ასევე,  გერმანიის პოლიტიკამაც განაპირობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებში შეიქმნა საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა, პრემიერი პასუხობს:

„ასეთი სახის გაშუქება, რასაკვირველია, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ფაქტები იყო არასწორად წარმოდგენილი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები  - დაუსაბუთებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ გაშუქებამ გარკვეული წარმოდგენები შექმნა. პოლიტიკაში კი ასეთ წარმოდგენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივავლინეთ პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დღეს ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დონეზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი დიდი სურვილია გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთი სახის წარმოდგენებზე“.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა კითხვაზე, პასუხობს თუ არა თქვენს ერთგულებას დასავლეთი იმავე დამოკიდებულებით, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ რეფორმები არ ემსახურება მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრების მიზანს.

„რეფორმები ემსახურება არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრების მიზანს, არამედ საქართველოს ახალ სახელმწიფოდ გარდაქმნის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზანსაც. ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს თავდაცვის სტრუქტურას. უსაფრთხოება არის საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა  მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოცემის ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რომ თურქეთი ათწლეულობის განმავლობაში წარუმატებლად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, არავინ განიხილავს სერიოზულად საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

„არავის შეუძლია თქვას, რა მოხდება ხუთ ან ათ წელიწადში. ჩვენ ჩვენი საშინაო დავალებები უნდა შევასრულოთ. ამ ეტაპზე ჩვენი დღის წესრიგი ოთხ ძირითად პუნქტს  მოიცავს: 1) ჩვენ გვინდა განათლების სისტემის რეფორმირება და საბჭოთა მემკვიდრეობის საბოლოოდ აღმოფხვრა; 2) ჩვენ მიზნად ვისახავთ ყველა დონეზე მმართველობისა და ადმინისტრირების ისეთი სისტემის შექმნას, რომელშიც თავად მოქალაქეები იქნებიან ჩართულნი და რომელიც მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული; 3) უნდა შეიქმნას ბიძგი სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ დაგეგმილი მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტიციის შემთხვევაში; 4) გვსურს საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, განსაკუთრებით გზებისა და ავტომაგისტრალების ქსელის განვითარება. ჩვენ გვინდა ქვეყანა ძალიან მოკლე დროში შევცვალოთ. ეს კი შეუძლებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარეშე“,-განაცხადა პრემიერმა.

გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოს პრემიერს შეახსენა ბრექსიტი, მემარჯვენე მთავრობები, დავა ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებით და დასვა კითხვა,  რატომ არის ევროკავშირი ასეთი მიმზიდველი. 

„გთხოვთ, ცოტა უფრო ოპტიმისტური იყავით. იმდენი სასიკეთო რამ ხდება. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდეთ. დაფიქრდით ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირში განათლების მიღების შესაძლებლობებზე. დაფიქრდით ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით. დაფიქრდით მესამე ქვეყნებზე, რომელთაც არ აქვთ ასეთი შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლიათ საქართველოში ინვესტირება. დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალური ეკონომიკა გაიმარჯვებს. ჩვენს შემთხვევაში, სხვა არჩევანი არც გვაქვს. ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონია. ჩვენ გახსნილები უნდა ვიყოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი უნიკალური მდებარეობის გარდა, ბევრი რამ არ გაგვაჩნია. თუკი ტიპიურ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ მოქნილობას გამოვიჩენთ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იქცეს განსაკუთრებულ ადგილად საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისთვის. ევროპა ბევრ ისეთ სიკეთეს მოიცავს თავის თავში, რომლებიც აღიქმება, როგორც თავისთავადი. ჩვენ კი, ვინც ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს ვესწრაფვით, ხშირად უფრო ვაფასებთ ევროპულ მიღწევებს, ვიდრე  - რიგითი ევროპელი“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

კითხვაზე, თქვენ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევთ ნეოლიბერალურ ოცნებას, რომელსაც მავანნი დასავლეთის კრიზისის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევენ, გიორგი კვირიკაშვილი პასუხობს :

მე ამას კრიზისს არ ვუწოდებდი. განწყობები იცვლება და ამჟამინდელი ტრანზიციის მთავარი გამომწვევი მიზეზი ლტოლვილთა ნაკადი იყო. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ევროპა დღეს დგას. ისიც კარგად გვესმის, რამდენად ღრმად მიდის ამ პრობლემის ფესვები. მაგრამ, ამის გამო, დაუშვებელია, ზოგადად, ევროპის მომავალის ეჭვქვეშ დაყენება. ევროპას ნათელი მომავალი აქვს. იყავით უფრო ოპტიმისტურები“.