აქ საუბარია პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობის გამორიცხვაზეც, ამ ლოგიკით მთავრობის ადმინისტრაციაც უნდა განაწყენდეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და პრემიერის თანათავმჯდომარეობით კომისიის შექმნის ინიციატივა მმართველმა გუნდმა განიხილა, თუმცა არსებობდა გარკვეული იურიდიული ნიუანსები, რასაც გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესობამ გვერდი ვერ აუარა.
”როდესაც პრემიერი ამ ინიციატივით გამოვიდა, ამის შემდეგ, მეორე თუ მესამე დღესვე გააკეთა განცხადება პრეზიდენტმა და ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დააყენა საკითხი, რომ პრემიერი და პრეზიდენტი უნდა იყვნენ თანათავმჯდომარეები. ჩვენ, სხვათაშორის, ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ აქ არის ერთი იურიდიული ნიუანსი, რომელსაც რატომღაც ფორმალურს ეძახიან, მაგრამ ეს საერთოდ არაა ფორმალური. ეს კომისია იქმნება საპარლამენტო ფორმატში, პარლამენტს აქვს ინიცირების უფლება და საპარლამენტო ფორმატში შექმნილი კომისიის ყველაზე ლოგიკური ხელმძღვანელი, გახლავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე”, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელს არ ჰგონია, რომ ადმინისტრაციამ ნაწყენი პოზიციიდან ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
”აქ საუბარი არაა მხოლოდ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობის გამორიცხვაზე, არამედ პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობის გამორიცხვაზეც. მაშინ, ამ ლოგიკით მთავრობის ადმინისტრაციაც უნდა განაწყენდეს და არც მან უნდა გამოყოს წარმომადგენლები. ისიც არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. პრეზიდენტს აქვს ორი წარმომადგენლის მოვლინების უფლება ამ კომისიაში. ამას გარდა, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელები, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და ა.შ. იქნებიან ჩართულები ამ კომისიის მუშაობაში. გარდა ამისა მნიშვნელოვანი არგუმენტია ასევე ის, რომ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობას ამ კომისიის მუშაობაში არაფრის შეცვლა არ შეეძლო. თუ სათათბირო ხმაზე იქნებოდა საუბარი, მას ჩვეულებრივად ერთი ხმა ექნებოდა და შესაბამისად, თანათავმჯდომარეობას განსხვავებული შედეგიც არ შეიძლებოდა მოეტანა. ყველა ამ არგუმენტიდან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც აუცილებელი იყო პრეზიდენტისა და პრემიერის თანათავმჯდომარეობა. პირიქით, იურიდიული კუთხით გარკვეული კითხვები ჩნდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საპარლამენტო ფორმატში შექმნილ კომისიას ეყოლებოდა ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროცესების განვითარებას დააკვირდებიან და მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „სამწუხაროდ“ მიიჩნევს ახალი საკონსტიტუციო კომისიის მოდელად წინა საპარლამენტო კომისიის დასახვას, რომელმაც, მისივე შეფასებით, „საერთოდ ვერ იმუშავა“ და ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო კომისია ერთპარტიული იქნება.