პარლამენტის ვიცე სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა გულწრფელად დაინტერესებულია მოისმინოს არასამთავრობო სექტორის კრიტიკული მოსაზრებები და წინადადებები და გაითვალისწინოს ის.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსული ყველა წინადადება 100%-ით იქნება გათვალისწნებული, მაგრამ მმართველი გუნდი მზად არის მათთან თანამშრომლობისათვის.
„დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან კონსტრუქციული. საქართველოს პარლამენტი ღიაა იმისთვის, რომ შეხვდეს ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კრიტიკული მოსაზრებები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოს მათი კრიტიკული მოსაზრებები. ჩვენთვის ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ როცა თავად ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, არასდროს მისცემია მსგავს ფორმატში მაღალი რანგის თანამადებობის პირებთან შეხვედრის შესაძლებობა.
საპარლამენტო უმრავლესობა, კერძოდ კომიტეტის თავმჯდომარეები, ვიცე სპიკერები და თავად პარლამენტის თავმჯდომარე სხვადასხვა სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებსა და წინადადებებს ისმენენ. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.