ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, ვენეციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ იგი კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას. მან სასამართლოს აღუთქვა სამართლებრივი მხარდაჭერა ვენეციის კომისიის ფორმატში. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც 2017 წლის ივნისში ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. მან ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიის სამდივნოს ეფექტური ჩართულობისა და დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისთვის. ზაზა თავაძემ ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან როლზე წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების საკითხში, მით უფრო დღეს, როდესაც კონსტიტუციური მართლმსაჯულება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაში. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ვენეციის კომისიასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.