ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მადრიდში ღონისძიება გაიმართება

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მადრიდში ღონისძიება გაიმართება

ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც მადრიდში გაიმართება. 

მინისტრი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლზე, ასევე ტურიზმის, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მისი განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატზე. 

ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე ესპანეთის დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.