ზაქარია ქუცნაშვილი ქალაქ ალექსანდიის, სრულიად აფრიკის და კოპტების მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს თეოდორ მეორეს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა ათენში, მართლმადიდებელთა საპარლამენტო ანსამბლეის საერთაშორისო სამდივნოში გაიმართა.
„ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოპტი მართლმადიდებელების უფლებრივ მდგომარეობას ეგვიპტეში და სრულიად აფრიკაში, ვინაიდან ქრისტიანი კოპტები განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ ისლამისტი ტერორისტების და ექსტრემისტებისათვის. სრულიად აფრიკის პატრიარქის განცხადებით, ადამიანების აზროვნებაში შესატანია ცვლილებები. ქალაქ ალექსანდიის, სრულიად აფრიკის და კოპტების მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა თეოდორ მეორემ მშვიდობა უსურვა ქართველ ხალხს და დიდი მოკითხვა გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებელი ქვეყნების დეპუტატების მიერ საერთაშორისო სამდივნოს წევრად, გენერალური ასამბლეის სხდომაზე 2016 წელს იქნა არჩეული.