სტამბოლში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერი ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სტამბოლში მომხდარი თავდასხმა დაგმო და მოსახლეობას გამოჩენილი სიმამაცის გამო მადლობა გადაუხადა.
ტერაქტის განხორციელების ფაქტი თეთრ სახლშიც უმკაცრესად დაგმეს და მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ჩვენი ფიქრი ახლა ამ შემთხვევის მსხვერპლი ადამიანების, მათი ახლობლებისა და ოჯახების წევრების, ასევე მთლიანად თურქეთის მოსახლეობის ირგვლივ ტრიალებს. თურქეთის, ნატო-ს წევრი ქვეყნის გვერდით ვდგავართ, ყველა იმ ტერორისტის წინააღმდეგ, რომლებიც ამ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მომხდარს ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულციც გამოეხმაურა, მოსახლეობასა და მსხვერპლთა ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაშავებულებს კი სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება უსურვა.
ევროპის საბჭო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით კი, ანკარა ევროპისგან დახმარებას უნდა ელოდოს.
განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გააკეთა. მან სტამბულზე თავდასხმა დაგმო. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო თავისი წევრი ქვეყნის გვერდით დგას.
„ჩვენ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულნი ვრჩებით,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ევროკომისრის ფედერიკა მოგერინის თქმით კი, სტამბოლში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აქვს კონტაქტი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ევროკომისარმა მოსახლეობას სოლიდარობაც გამოუცხადა.
თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის თურქეთთან ერთად იბრძოლოს ტერორიზმის დასამარცხებლად.