ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში პარლამენტი განაახლებს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის პროექტის განხილვას და უმთავრესი ამოცანა იქნება ამ რეფორმის წარმატებულ შედეგამდე მიყვანა.
"ჩვენ უახლოეს დღეებში პარლამენტში განვაახლებთ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის პროექტის განხილვას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება ამ რეფორმის წარმატებულ შედეგამდე მიყვანა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებაში შევქმნათ ძალიან მტკიცე აღქმა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, რომ გვაქვს ძალიან მყარი ინსტიტუციური მექანიზმები და სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს იმ სტანდარტებით, რომელიც დღეს თანამედროვე სამყაროში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში ჩვენი არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევქმნათ შესაბამისი დიალოგის პლატფორმები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა ამ უაღრესად საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე,“ - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებისათვის.