დღეს აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა

დღეს აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. ასურელი მამის, აბიბოს ნეკრესელის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. 
წმ. მამა აბიბოს ნეკრესელი საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწოდებით, მე-6 საუკუნეში 12 ასურელ მამასთან ერთად შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო, რომლის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესში ჩავიდა. იგი ეპისკოპოსი იყო და ეპარქიის სოფლებსა და დაბებში მოსახლეობას ჭეშმარიტებას უქადაგებდა. 
იმ პერიოდში საქართველოში სპარსელები ბატონობდნენ, რომლებიც მაზდეანობას, ცეცხლთაყვანისმცემლობას მისდევდნენ. ბომონებს აგებდნენ, სადაც ჩაუქრობლად ცეცხლი ენთო. თავიანთ წესებს ასრულებდნენ და ქართველთა გადაბირებას ცდილობდნენ. 
წმიდა მღვდელმთავარმა ერთხელაც ნახა, რომ მოგვები ქართველებს ცეცხლისთვის თაყვანისცემას აიძულებდნენ. მან ვერ მოითმინა და ცეცხლს წყალი დაასხა. განრისხებულმა მოგვებმა კი წმიდა აბიბოსი შეიპყრეს, სასტიკად სცემეს, ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. მოგვიანებით ჯალათებმა წმინდა მამა საშინლად ტანჯეს და ბოლოს ქვით ჩაქოლეს. 
წმიდა მღვდელმოწამის აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი ნაწილები მცხეთის სამთავროს მონასტერში, წმიდა ტრაპეზის ქვეშაა დაკრძალული.