პრემიერმა არასამთავრობო სექტორს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განმტკიცების საქმეში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერმა არასამთავრობო სექტორს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განმტკიცების საქმეში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების საქმეში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ მიზნით შესაბამისი დიალოგის პლატფორმები შეიქმნას.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ შესაბამისი დიალოგის პლატფორმები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო სექტორის ძალიან აქტიური ჩართულობა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე. ყოველივე ამის შედეგად ჩვენ უნდა შევქმნათ განცდა ქვეყანაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესის ინსტიტუციონალიზაცია არ არის მხოლოდ მთავრობის ამოცანა და ეს არის საყოველთაო სახალხო ამოცანა. საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობის გარეშე ამ ამოცანის წარმატებულ შედეგამდე მიყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ამას სრულად ვაცნობიერებთ, მაგრამ ვაცნობიერებთ ასევე ამ უაღრესად რთულ პროცესში ლიდერობის, ასე ვთქვათ გათავისებას. აბსოლუტურად გასიგრძეგანებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვკისრულობთ ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. მადლობას გიხდით ყველას, ვინც მუშაობთ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.