სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის განსახორციელებლად განხილვები საქართველოს პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იქნება, სასამართლო რეფორმის ბოლომდე წარმატებით განხორციელება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ფართო საზოგადოებაში უნდა შეიქმნას ძალიან მტკიცე აღქმა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია. კვირიკაშვილის თქმით, არსებობს ძალიან მყარი ინსტიტუციური მექანიზმები და სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს იმ სტანდარტებით, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არსებობს.
„ჩვენ უახლოეს დღეებში განვაახლებთ პარლამენტში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის განხილვას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება ამ რეფორმის წარმატებულ რეფორმამდე მიყვანა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებაში შევქმნათ ძალიან მტკიცე აღქმა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია; არსებობს ძალიან მყარი ინსტიტუციური მექანიზმები და სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს იმ სტანდარტებით, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული კომპლექსური მიდგომა, პოლიტიკის დოკუმენტები და ინსტიტუციური მექანიზმები საუკეთესოდ ფასდება გაეროს სხვადასხვა ტრიბუნიდან.
„ეს არის უდიდესი აღიარება საერთაშორისო არენაზე. 2015 წელს საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი გახდა. ხოლო წინა კვირას ჟენევაში ჩვენი მისიის ხელმძღვანელი შალვა ცისკარიშვილი გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები“, - დასძინა კვრიკაშვილმა.