ადამიანის უფლებების დაცვა და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა საქართველოს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ მიღებაზე განაცხადა.
პრემიერმა ხელისუფლების მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ მხრივ არსებულ მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი გუნდი ადამიანის უფლებებზე სართაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მოწონებისთვის არ საუბრობს.
„დღეს მსოფლიო უაღრესად მნიშვნელოვან დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლებები თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია. ეს არის სწორედ ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო და ადამიანი არის მისი მთავარი საყრდენი და კაცობრიობის პროგრესის საფუძველი. როდესაც ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ადამიანზე და მის უფლებებზე ვსაუბრობთ, ამით არავითარ შემთხვევაში არ ვიწონებთ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ადამიანის უფლებების დაცვა და ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა არის ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტი. სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება შეუძლებელია, ამგვარი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე. ამიტომაც ეს არის ჩვენი მთავარი საყრდენი და ამას ჩვენ საქმით ვამტკიცებთ დღითიდღე. დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო იყო თაობების ოცნება და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე შესაძლებლობა, საქართველო ჩადგეს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოების რიგებში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
კვირიკაშვილის თქმით, დღეს ქვეყანას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულება და დემოკრატიული ღირებულებების ნამდვილი ერთგულება შეუძლია მათ გუნდს, მთავრობას და პარლამენტის პოლიტიკურ გუნდს. მისივე განცხადებით, 2012 წელს საქართველოში ამ მიმართულებით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა და ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამ საამაყო აქვს.