ბრიტანული გამოცემა The Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის მთავრობა ნატო-ში მომუშავე პროდასავლურ დიპლომატებსა და სამხედროებს ანაცვლებს იმ სამხედროებით, რომლებიც რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხარდამჭერები არიან.
The Times აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მტკიცდება ელექტრონული ფოსტის წერილებით, რომელიც მათ ხელთ აღმოჩნდა.
ნატო-ში წამყვანი პოზიციებიდან ახლახან გათავისუფლებულმა თურქმა სამხედროებმა წერილი მისწერეს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალ კერტის სკაპაროტის, რომელშიც აღნიშნეს თურქ სამხედროებს შორის „ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური განწყობების მნიშვნელოვანი ზრდა“.
„მე და ჩემი კოლეგები ვატყობთ ჩვენი სამხედრო და სახელმწიფო უწყებების რიგებში ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური განწყობების მნიშვნელოვან ზრდას. შემაშფოთებელია იმის შეტყობა, რომ ნატო-ში ახლად დანიშნულ თურქეთის ზოგიერთ წარმომადგენლებს რადიკალური აზროვნება გააჩნიათ; ზოგიერთი მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებს ნატო-ს ღირებულებებს და უფრო მეტიც, მათ სძულთ დასავლური ორგანიზაციები და პრორუსული-ჩინური-ირანული სენმტიმენტებით გამოირჩევიან“, - გამოცემა The Times ციტირებს თურქი მაღალჩინოსანი სამხედროს წერილის ფრაგმენტს.