საზეიმო განწყობა აქვთ, ულოცავენ ერთმანეთს, მაშინ როცა გარეთ, ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება

საზეიმო განწყობა აქვთ, ულოცავენ ერთმანეთს, მაშინ როცა გარეთ, ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება

უმრავლესობის წარმომადგენლებსა და მთავრობის კანდიდატებს შორის საზეიმო ვითარებაა შექმნილი, თუმცა დარბაზის გარეთ საზეიმო ვითარება  ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

”უმრავლესობის წარმომადგენლებსა და მთავრობის კანდიდატებს შორის საზეიმო ვითარებაა შექმნილი, თუმცა დარბაზის გარეთ საზეიმო ვითარება ნამდვილად არ არის, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა”, - აღნიშნა ბოკერიამ.

უმცირესობის წარმომადგენელმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა შს მინისტრობის კანდიდატს. ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ არ ისაუბრა გიორგი მღებრიშვილმა კრიმინალის ზრდაზე, პოლიტიკური ტერაქტის მცდელობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ტერორიზმის საფრთხეზე და ა.შ. ბოკერია ასევე დაინტერესდა, თუ რატომ არ არის გიგა ოთხოზორიას მკვლელი ინტერპოლით ძებნილთა სიაში.

”მე პირველ რიგში, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან მაქვს კითხვა. გისმენდით და არც ერთი სიტყვით არ გიხსენებიათ როგორც გამოწვევა, არც კრიმინალის ზრდა, არც ტერორიზმი, არც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, არც ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და ოთხოზორიას საზარელი მკვლელობა. რატომ ბატონო მინისტრო? ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ, თუ გგონიათ, რომ თუ არ ახსენებთ, პრობლემა არ იქნება. მე მაქვს კონკრეტული კითხვა, რა ზომებს მიმართავთ ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით? მე დავინტერესდი ერთი ასპექტით, არის თუ არა მის მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის ძებნილთა სიაში? რატომ არ არის ის ამ სიაში, რატომ არ სცადეთ? ან არ გაღელვებთ, ან არ იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ თუ მაინცდამაინც ივანიშვილის პირადი ოპონენტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეცადოთ ინტერპოლის ძებნაზე დასვას”, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ასევე არ იძებნება ინტერპოლით გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებული, რომელიც მიმალვაშია.

”წლებია, საქართველოში პოლიტიკური ტერაქტის მცდელობა აღარ ყოფილა. 5 ოქტომბერს იყო ტერაქტის მცდელობა დეპუტატ გივი თარგამაძეზე, რასაც იქ გამვლელი ადამიანი ლამის ემსხვერპლა. თქვენ გამოგვიცხადეთ, რომ გახსნილია საქმე, თუმცა არ გითქვამთ, რა მოტივია. თითი გამოიშვერეთ თქვენს ოპონენტებზე. მერე დაასახელეთ გვარი. შემდეგ ვიღაც დაიჭირეთ უკანონოდ იარაღის ტარებისთვის. ის ადამიანი ვინც მიმალვაშია, ასევე არ არის ინტერპოლით ძებნილთა სიაში და მე მაინტერესებს, რატომ? ღიად გვეუბნებით, რომ არ გაინტერესებთ, თუ რაშია საქმე გაგვარკვიეთ?”, - აღნიშნა ბოკერიამ.