გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, ალან დუნკანს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, ალან დუნკანს შეხვდა

"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს  მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა –ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის  საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრ  სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

სერ ალან დუნკანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო– დიდი ბრიტანეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. 

ხაზი გაესვა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობას და  აქტიური პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია საქართველოში. საუბარი შეეხო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

ქართული მხარის შეფასებით,  ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობას, რისი თვალსაჩინო მაგალითია „ეროვნული სიტუაციური ოთახის" პროექტი.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანელი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევნზე. ამერიკისა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრექსიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გაარძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში იმართება.