„აუდიტორია 115“ თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს

„აუდიტორია 115“ თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს

„აუდიტორია 115“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 ნოემბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვს, - ამის შესახებ დღეს თსუ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა გიორგი ჯავახაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, „აუდიტორია 115“-სთვის მიუღებელია უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების ის მოდელი, რომლითაც 25 ნოემბერს თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. 

ჯავახაძის განცხადებით, სახალხო დამცველმა მარტში რეკომენდაციაც გაავრცელა, რომ არჩევნების ეს წესი არაკონსტიტუციურია. მისივე თქმით, „აუდიტორია 115“-მა მარტის თვეში, აქციების მსვლელობისას, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევის წესის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. 

ჯავახაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი განხილვაში მიიღო. 

„ვითხოვთ შეწყდეს თსუ-ში საარჩევნო პროცესი. ის გადაიდოს ვიდრე პარლამენტს არ მიეცემა არსობრივი განხილვის საშუალება, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ კონსტიტუციასთან მიმართებაში ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“, - განაცხადა ჯავახაძემ. 

მისივე თქმით, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევის არსებული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების უფლება ყველა ადამიანს აქვს.

„ამ არჩევის წესის მიხედვით, სტუდენტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ავტომატურად ხდება თვითმმართველობის დელეგატთა საბჭოს წევრი, მიუხედავად იმისა, მას აქვს თუ არა ამის სურვილი. გარდა ამისა, არჩევის ეს წესი საარჩევნო კოდექსთან მიმართებაშიც არასწორია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი სტუდენტი ერთი ხმის პრინციპით ერთ ადამიანს ორ სხვადასხვა სტრუქტურაში აძლევს ხმას. აქედან გამომდინარე, ეს საარჩევნო ნონსენსია“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ. 

მისივე თქმით, „აუდიტორია 115“ ითხოვს, ცალკე ჩატარდეს საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები. ყველა სტუდენტს ერთი ხმის უფლება ჰქონდეს და საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტები ფაკულტეტიდან პირდაპირი წესით აირჩეს.