უფრო ეფექტური იქნება, თუ დიასპორასთან დაკავშირებულ პოლიტიკას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, რომელმაც ახალარჩეულ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ”დიასპორებთან დაკავშირებული საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში გაძლიერებული, მკაფიოდ გამოხატული მიმართულება იქნება”.
”პოლიტიკა ცოცხალი პროცესია. მთავრობამ გადაწყვიტა დიასპორის საკითხებზე მუშაობა ასეთ ფორმატში გააგრძელოს. პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მუშაობის საკუთარი ფორმატი გააჩნია. ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტროს რესურსებითა და ინსტრუმენტებით ხორციელდებოდა, ამ თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნება, თუ დიასპორასთან დაკავშირებულ პოლიტიკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, მათ შორის მისი სტატუსიდან გამომდინარე. უცხო ქვეყნებისთვის და საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ თემაზე მუშაობისას შეხება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდეს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზვიად კვაჭანტირაძემ.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში აღარ იქნება. აღნიშნული უწყება მთავრობაში 2008 წელს შეიქმნა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნად განისაზღვრა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. ამავე წელს, ამავე მიზნებითა და ამოცანებით, საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიც ჩამოყალიბდა.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე მთავრობაში მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, ”ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკუთრივ საპარლამენტო კომიტეტთან მიმართებით რაიმე ცვლილებას არ გეგმავს.