”ნაციონალური მოძრაობა” ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგება. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ”ქართულ ოცნებას” დაეკისრება.
”იმისთვის რომ ნდობის ჯგუფში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი განმწესდეს, აუცილებელია გაიაროს სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. აქედან გამომდინარე, მთლიანად ”ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, იქნება თუ არა ნდობის ჯგუფში ემზარ კვიციანი და თვლიან თუ არა ისინი, რომ შესაძლებელია მას ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით”, - განაცხადა აბესაძემ.
თავის მხრივ ”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ნდობის ჯგუფში ემზარ კვიციანის შეყვანა, სადაც მას საიდუმლო მასალებზე ექნება წვდომა, პრობლემას წარმოადგენს არა ”ნაციონალური მოძრაობისთვის”, არამედ ”თითოეული პატრიოტი მოქალაქისთვის”.
”ემზარ კვიციანმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა ქართულ სახელმწიფო საჯარისო დანაყოფებს, რისთვისაც ის მსჯავრდებულია და მას ეს სასჯელი არ აქვს გაქარწყლებული. მან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდგომ თავი შეაფარა ოკუპირებულ აფხაზეთს და შემდგომ იმყოფებოდა მოსკოვში, საიდანაც ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდა და ამ პოზიციებით იყო გამორჩეული. კვიციანის ნდობის ჯგუფში შეყვანა, სადაც მას საიდუმლო მასალებზე წვდომა ექნება, პრობლემა არა ჩემთვის და ”ნაციონალური მოძრაობისთვისაა”, არამედ ეს ამ სახელმწიფოს თითოეული პატრიოტი მოქალაქის პრობლემა იქნება”, - აღნიშნა კახიძემ.
ამასთან, ”ნაციონალური მოძრაობა” ნდობის ჯგუფში საკუთარი კვოტით ირაკლი აბესაძეს წარადგენს.