ვფიქრობ, მთავრობის განახლებული შემადგენლობა ძალიან საინტერესოდ არის შერჩეული. გიორგი კვირიკაშვილს ჩვენ ვენდობით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი გუნდი ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.
"დარწმუნებული ვარ, როდესაც პარლამენტში განხილვები დაიწყება, ყველა ის ახალი წევრი, ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შესაძლოა, დაისვას ამ ფართო განხილვების ფორმატში, მზად არიან უპასუხონ ამ კითხვებს, უპასუხონ ამ გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი გუნდი ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც არის დღეს ქვეყნის წინაშე. ისინი მზად იქნებიან უფრო ეფექტურები და ორიენტირებულები გამოწვევების დასაძლევად. ასე რომ ამ გუნდის მიმართ მაქვს დადებითი პოზიცია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტში განხილვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ვიქტორ დოლიძის დასახელება სახელმწიფო მინისტრად მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს.
"პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს გრაფიკს და ვეცდებით, რომ კვირის ბოლომდე დავასრულოთ სავალდებულო პროცედურები. ვფიქრობ, რომ პრემიერმა ძალიან კარგი გუნდი დაასახელა.
ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში არის ვიქტორ დოლიძეც, ვფიქრობ, არის მაღალი პოლიტიკური კულტურის, დემოკრატიის ნიშანი და მთავრობის შიგნით ღიაობის მაღალ სტანდარტს აჩვენებს. აჩვენებს, რომ მთავრობა არ არის ჩაკეტილი ერთი პოლიტიკური პარტიის ფარგლებში, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი, კარგი განაცხადი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობა დაასახელა.