პარლამენტის 15 კომიტეტში 15-ვე კვოტას ბუნებრივია “ნაციონალური მოძრაობა” ვერ აითვისებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ნატო ჩხეიძის არჩევასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზიას გამოეხმაურა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყველა კვოტა რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს, სხვა ოპოზიციური პარტია დაიჩაგრება.
„ამიტომ, გარკვეული სამართლიანი მიდგომა უნდა არსებობდეს. მათ 15-დან 12 კომიტეტში ისედაც ექნებათ შესაძლებლობა მოადგილის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატები იყოს მხარდაჭერილი. ჩვენ უმრავლესობით ქალ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა და ქალი კანდიდატის მხარდაჭერა მოადგილის პოზიციაზე. მეორე არის ის, რომ ნატო ჩხეიძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. ეს ოჯახი იყო რეპრესირებულიც, იყო მსხვერპლი და ძალიან დიდხანს იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის და ზოგადად, დემოკრატიული ფასეულობებისთვის.
ასე, რომ ჩემი არჩევანი იყო სრულიად გაცნობიერებული “, - განაცხადა ეკა ბესელიამ.