ალბათ, უახლოეს ხანებში დადგება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საჭიროება

ალბათ, უახლოეს ხანებში დადგება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საჭიროება

პრეზიდენტის მხრიდან უშიშროების ერთიან სტრატეგიაზე აქცენტის გაკეთება ალბათ უფრო უკეთესის სურვილს უკავშირდება და არა იმას, რომ ასეთი სტრატეგია არ გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია მუდმივად განახლებადია.

”ზოგადად უსაფრთხოების არქიტექტურა მუდმივად საჭიროებს რეფორმირებას. ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა - მიაღწიე და კმაყოფილი დარჩი. ამიტომ თავისთავად ცხადია, ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ საფრთხეებს შეფასებას, ვახდენთ სამხედრო სტრატეგიის გადახედვას. ალბათ, უახლოეს ხანებში დადგება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საჭიროება. რაც შეეხება საერთო ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებას, ეს სხვადასხვა დოკუმენტებში აღწერილია, უბრალოდ, საჭიროა კომპლექსურად დავინახოთ”, - განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული სტრატეგია მეტ-ნაკლებად პასუხობს საფრთხეებს.

”პრეზიდენტის მხრიდან ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე აქცენტის გაკეთება, ალბათ მის სურვილს უკავშირდება, რომ უფრო უკეთესი იყოს და არა იმას, რომ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვაქვს. პოლიტიკაში ხშირად გვესმის ხოლმე - უფრო უკეთესი, უფრო ეფექტური ან ძლიერი. ეს ზოგადი ფრაზებია. ამ სურვილებიდან გამომდინარე ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებული მეტ-ნაკლებად პასუხობს საფრთხეებს”, - განაცხადა სესიაშვილმა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილი გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან და შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება.