დავით სერგეენკო აშშ-ს ჯანმრთელობის და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

დავით სერგეენკო აშშ-ს ჯანმრთელობის და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ს ჯანმრთელობის და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გლობალურ საკითხებში ჯიმი კოლკერს შეხვდა. 

შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემასთან და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გზით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამები შეაფასეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

”ვიზიტის კონკრეტული მიზანი არის ის, რომ განვიხილოთ ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით და განვიხილოთ მიმდინარე პროექტების წარმოება, რომელიც უკვე გვაქვს. მაგალითად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, თუ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პრევენციის ზომები”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

როგორც აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ გლობალურ საკითხებში, ჯიმი კოლკერმა განაცხადა, საქართველო კარგი პარტნიორია და აქვს ძლიერი სისტემები, მაგრამ კიდევ უნდა გაგრძელდეს მუშაობა და თანამშრომლობა ჯანდაცვის მიმართულებით. 

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში კოლკერი ლუგარისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს ესტუმრა.

ჯიმი კოლკერის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.