ვვარაუდობთ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დასრულებას მომავალი კვირის ბოლომდე შევძლებთ

ვვარაუდობთ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დასრულებას მომავალი კვირის ბოლომდე შევძლებთ

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა სისტემამ რადიკალიზაციის ძალიან მაღალ ხარისხს მიაღწია და ახლა, არსებითად სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის სათანადო თანამშრომლობა შედგეს იმისათვის, რომ ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით ქვეყნის განვითარება და წინსვლა ვუზრუნველყოთ. ჩვენი მოტივაცია და პათოსი ეს არის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და დიდი იმედი გვაქვს, პარლამენტში სხვა პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიური მიდგომით იმუშავებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია თვისობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს.

„პარლამენტში თვისობრივად განახლებული და გაძლიერებული გუნდით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვედით, რაც დაპირებების შესრულების საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რომელიც ამომრჩეველს მივეცით, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით, ფორმატის შექმნაზე მმართველი გუნდი კონკრეტულ განცხადებებს კონსულტაციების შემდეგ გააკეთებს.

„კონსტიტუციის გადასინჯვა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მაგრამ 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თვისობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს, რაზეც ფართო კონსენსუსი უნდა შედგეს. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს რაც შეეხება, ფორმატის დაფუძნების თაობაზე ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს და კონკრეტულ განცხადებებს კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მომავალი კვირის ბოლომდე დასრულდება.

„მინისტრების კანდიდატურების წამოყენება პრემიერის პრეროგატივაა და მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, რაც სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება.  ვვარაუდობთ, რომ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დასრულებას მომავალი კვირის ბოლომდე შევძლებთ. წინასწარი გეგმა ასეთია და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განმტკიცება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. გვახსოვს, როგორი იყო პარლამენტის როლი 2012 წლამდე და ვხედავთ, როგორია დღეს. პარლამენტის როლი ყველა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანოს როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.