უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უარყოფს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცეს. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გენპროკურორმა კიევში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არ არის სიმართლე. უკრაინა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს“, - განაცხადა იური ლუცენკომ.
უკრაინამ შესაძლოა საქართველოს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადასცეს, - ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„უკრაინსკაია პრავდამ“ კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა. სააკაშვილის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგვიანებით განცხადებას გააკეთებენ.