„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლებრივ პრაქტიკას გაივლიან

„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლებრივ პრაქტიკას გაივლიან

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-სა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მომორანდუმის თანახმად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრი სტუდენტები,  სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ში  გაივლიან, სადაც სტუდენტები  მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით,  სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. 

პრაქტიკული კურსი 4 თვეს მოიცავს და კურსის მანძილზე სტუდენტები საპროცესო  დოკუმენტებს (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვ.) შეადგენენ და, როგორც სასამართლო, ისე თვითმმართველობის ორგანოებში, წარმომადგენლობას განახორციელებენ.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე „ჩემი ადვოკატი“-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს  პრაქტიკული კურსის სასწავლო სილაბუსის პირობები და პრაქტიკულად შესასრულებელი სამუშაოები გააცნეს.

კურსის მიზანია, მაგისტრანტს  საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და გამოიმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის  უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში, სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს.

ამ ეტაპისათვის, „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს  პრაქტიკულ კურსში ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სამართლის კლინიკაა ჩართული, რაც სტუდენტების პროფესიულ გადამზადებასა და საადვოკატო პროფესიაში შესვლას ემსახურება.

„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს მთავარ მიზანს, საქართველოს მოქალაქეებისათვის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა წარმოადგენს.