პრეზიდენტი - ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი

პრეზიდენტი - ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი

ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტმა ახალი მოწვევის პარლამენტს თანამშრომლობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი შესთავაზა.

”არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო ის რეალობა, რომელიც ჩემსა და ჩემი გუნდის წინაშე დადგა. მიმაჩნია, ამ საკითხებზე ნაკლები ენერგია და დრო რომ დახარჯულიყო, პრეზიდენტის და სხვა უწყებათა რესურსი უკეთესად მოხმარდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის ინტერესებს. ამიტომ, ერთი მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების - მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი, ხოლო მეორე მხრივ, მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.