გიორგი მარგველაშვილი - არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე

გიორგი მარგველაშვილი - არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები. 

აღნიშნული რეკომენდაციით პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს თავისუფალი და პლურალისტული მედია განსაზღვრავს. 

მისი განცხადებით, არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. 

პრეზიდენტის თქმით, არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე; არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

როგორც გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.