აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე მიტ რომნის კანდიდატურას განიხილავს, - იუწყება ამერიკული ტელეარხი MSNBC.
მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი რომნისთან შეხვედრას გეგმავდა.
„ტრამპთან დაახლოებულმა წყარომ MSNBC-ს უამბო, რომ მიტ რომნი სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება“, -ამის შესახებ MSNBC-ის ჟურნალისტმა კეიტ სნოუმ „ტვიტერის“ გვერდზე“ დაწერა.
69 წლის მიტ რომნი აშშ-ის ”რესპუბლიკური პარტიის” წევრია. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ბარაქ ობამას მოწინააღმდეგე იყო.
რომნი მხარს უჭერდა ამერიკული შეიარაღებული ძალების შეჭრას ერაყში და ავღანეთში. ის ასევე ცნობილია თავისი მკვეთრი გამოთქმებით რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ. მაგალითად, თავის წიგნში მან მოსკოვი აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ მტრად დაასახელა.