ახალარჩეული პარლამენტი მუშაობას მას შემდეგ შეუდგება, რაც პირველ სხდომაზე, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ კი, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ.
ფიცის დადებამდე, პარლამენტის პირველ სხდომაზე, უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული შემდეგი პროცედურა გაიმართება: - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ) გადასცემს.
თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას შეისწავლის და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს.
პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დადგენილებით ცნობს, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით.
პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში იმ პირის გვარის შეტანა არ ხდება, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. დადგენილებაში არც იმ პირის გვარი ჩაიწერება, რომლის დეპუტატად არჩევის საკითხს დროებითი სამანდატო კომისია საეჭვოდ მიიჩნევს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. იმ შემთხვევაში, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები იქნება, პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა შეწყდეს.
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ.
ფიცის ტექსტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კითხულობს: ”მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ ”ვფიცავ” და ხელს აწერენ ამ ტექსტს.
ამის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.