პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ხვალ ორ ფრაქციას დაარეგისტრირებს, აქედან ერთს ერქმევა ”ქართული ოცნება”, რომლის თავმჯდომარეც მამუკა მდინარაძე იქნება, - ეს ინფორმაცია პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დანარჩენი ფრაქციების დარეგისტრირება უკვე მთავრობის დამტკიცების შემდეგ მოხდება.
”პრეზიდენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ ჩაინიშნა. ნომინირებულია პარლამენტის თავმჯდომარე და ვიცე სპიკერები, ასევე, ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც შიდა პარტიული კონსულტაციების შემდეგ შეირჩა. ხვალ გაიმართება სხდომა ტრადიციული დღის წესრიგით. ხვალვე დარეგისტრირდება პირველი ორი ფრაქცია, ხოლო დანარჩენ ფრაქციებს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ დავარეგისტრირებთ. აქედან ერთი ფრაქცია იქნება „ქართული ოცნება”, რომლის ხელმძღვანელიც იქნება მამუკა მდინარაძე”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.