რატომ ჩაიშალა „განახლებული საქართველოსთვის“ აქციები სამეგრელოში?

რატომ ჩაიშალა „განახლებული საქართველოსთვის“ აქციები სამეგრელოში?

„განახლებული საქართველოსთვის“ მიერ სამეგრელოში დაგეგმილი აქციები ფაქტობრივად ჩაიშალა. პოლიტიკური პარტიის მიერ დაანონსებული და მხარდამჭერებისთვის დაპირებული გრანდიოზული ღონისძიებები ხობსა და რუხში არ შემდგარა. დღის ბოლოს, ხალხმრავალი აქციების მიმდინარეობის შესახებ „განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცნობაც არ დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული საინფორმაციო სააგენტოები პარტიის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ რუხში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 4 ათასამდე დევნილი შეიკრების შესახებ იუწყებოდნენ, რეალობას მოკლებული აღმოჩნდა. ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტების  ობიექტივში მხოლოდ 400-მდე მხარდამჭერი მოხვდა. მათ შორის 50-მდე პოლიციის, კუდ-ისა და დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, სამოქალაქო ტანსაცმელში შემოსილი შეიარაღებული პირები შეინიშნებოდა.

მხარდამჭერების სიხალვათე ხობის ცენტრში გამართულ აქციაზეც ჩანდა. პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ლაშა გვასალია 60-მდე შეკრებილ ადამიანს აქციის მონაწილეთა სიმცირის მიზეზებზე ესაუბრებოდა. ამ ფაქტის ახსნას გვასალია ჟურნალისტებთანაც შეეცადა. მისი განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მსურველებზე ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებებმა ზეწოლა განახორციელეს.

ლაშა გვასალიას ინფორმაციით, საყოველთაო „დაშინების“ ღონისძიებას ხობის კუდ-ის უფროსი, დიმა ჭაკუა პირადად ხელმძღვანელობდა.

ჟურნალისტებისთვის ხობში გაკეთებულ კომენტარებში ლაშა გვასალია აფხაზეთიდან მოწვეულ სტუმრებზეც საუბრობდა და აცხადებდა, რომ მათთან შეხვედრის საშუალება რუხში შეკრებილ მხარდამჭერებს ექნებოდათ. გვასალია, ასევე ირწმუნებოდა, რომ აფხაზი მწერლებისა და პუბლიცისტების გადმოყვანა ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოდ მოხდა, თუმცა უკან დაბრუნების შესაძლებლობაში ეჭვს გამოთქვამდა. მისი განცხადებით, აფხაზებმა მოსალოდნელი დაპატიმრების შეასახებ უტყუარი ინფორმაცია მიიღეს და მათი გადამალვა გახდა საჭირო.

რუხში გამართულ აქციაზე აფხაზები არავის უნახავს. ლაშა გვასალიამ, კი შეიძლება ითქვას, მორიგი ინტრიგა ჩამოაგდო და სტუმრების მომლოდინე მხარდამჭერებში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. მისი მიმართვის ტექსტი ასეთი შინაარსის იყო: „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზი სტუმრები თქვენს წინაშე დღეს ვერ წარსდგებიან, შესაძლოა ისინი დააპატიმრონ... ისინი ახლა თქვენში გაერივნენ და თქვენს რიგებში დგანან.“

შესაძლოა, გვასალიას სწორედ ეს სიტყვები გახდა საბაბი იპოდრომის ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მობილიზაციისათვის, რადგან, რამდენიმე წუთში ტერიტორიაზე „მუნდირიან“ პოლიციელებზე მეტი „სამოქალაქო“ მაღალჩინოსნები გამოჩნდნენ.

აქციაზე გამომსვლელები უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიების მიმართაც გამოთქვამდნენ. სპეციალური მოწვევის მიუხედავად აქციაზე  ოპოზიციური ლიდერები არ გამოჩენილან.

პოლიტიკურმა პარტიამ, „განახლებული საქართველოსთვის“ 12 მაისი აფხაზ, ოს და ქართველთა შერიგების დღედ გამოაცხადა.