სახელმწიფო საწარმოთა შემცირების პროცესი გრძელდება

სახელმწიფო საწარმოთა შემცირების პროცესი გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს იმ საწარმოთა რაოდენობის ოპტიმიზაცია - მინიმიზაციის პროცესს, რომლებიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

სახელმწიფო მართვაში არსებული საწარმოები, რომლებიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებენ და არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ექვემდებარებიან შერწყმას, ლიკვიდაციას, გაკოტრებას და წილის პრივატიზებას.

სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გაცნობებთ, რომ 2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ უმოქმედო საწარმოების რაოდენობა 351-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 139 საწარმოა, რომელთაგან 45 საწარმოზე, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შეგროვება-დამუშავება, მათი ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო 7 საწარმოზე სასამართლოში მიმდინარეობს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება. 

დღეის მდგომარეობით სააგენტოს მიერ გასხვისებულია 12 სახელმწიფო საწარმო რომელთა მთლიანმა საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგინა 35 750 800 ლარი. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება განახორციელონ მინიმუმ 13 900 000 ლარის ინვესტიცია.

სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესს, რათა მოკლევადიან პერიოდში უმოქმედო საწარმოთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.