სერგი კაპანაძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას სისულელეს უწოდებს

სერგი კაპანაძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას სისულელეს უწოდებს

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე სისულელეს უწოდებს გუბაზ სანიკიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთს გაურიგდნენ და უსისხლო რევოლუცია მოაწყეს. 

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ძალიან რთულია, რომ აღნიშნულ განცხადებას სერიოზული შეფასება მისცეს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს, ”ნაციონალური მოძრაობა” რჩება ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ერთადერთი მოწინააღმდეგე იქნება ”ქართული ოცნების”. 

”ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს და ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმება, როგორც ჩანს, ან ვინმეს სერიოზულ დაკვეთას ასრულებს ან სერიოზული პრობლემა აქვს ანალიზში”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

კითხვაზე, სხვადასხვა პარტიიდან წასული ლიდერები შესაძლოა თუ არა გაერთიანდნენ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს ახლა მისი ინტერესის სფერო არ არის. 

”ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, ასევე იყვნენ ვითომ ოპოზიციური ძალები, რომლებიც თამაშობდნენ ოპოზიციონერობას და სინამდვილეში იყვნენ იგივე პოლიტიკის და ინტერესების მატარებელი, რაც იყო ”ქართული ოცნება” და არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ მათი დაშლა მოხდა. ამ დროს ერთადერთი პროდასავლური ოპოზიციური ძალა არის ”ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება პატარ-პატარა პარტიებს, არ ვიცი ისინი რას გადაწყვეტენ, მაგრამ მეეჭვება მათი გაერთიანების შემთხვევაში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალოს”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

როგორც დღეს გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ვისთანაც არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს, არის „ქართულო ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მისი აზრით, ეს ორი პარტია ერთმანეთს გაურიგდა.