მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სადაც განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმის“ რიგებს ტოვებს.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკიდან არ მიდის.
„დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დავტოვო ქართული პოლიტიკა. პირიქით მე ვრჩები, მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია. ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიღმა დარჩენილ ოპოზიცურ სპექტრს აქვს სერიოზული გამოწვევები. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. გარკვეული დრო სჭირდება გადაფასებას შეფასებას საკითხების გადახალისებას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანებების, დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძემ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, სადაც აირჩიეს ახალი პარლამენტი, ქვეყანამ მიიღო დე იურედ ორპარტიული სისტემა, მაგრამ სინამდვილეში დე ფაქტოდ ეს არის ერთპარტიული სისტემა. ჩემი აზრით, ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების. ის არის პასუხისმგებელი ქვეყნის წარმატებასაც და წარუმატებლობაზე. მე პირადად, არ ვარ მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობლი. გამოწვევები ბევრია, ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ, რომელიც უშუალოდ შეგვეხება ჩვენ“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
„ეროვნული ფორუმის“ უკვე ყოფილმა წევრმა აღნიშნა, რომ საჭიროა, მოხდეს გადაფასებები.
„ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული ხარვეზები დაუშვა. გადაფასებები უნდა მოხდეს. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში“, - აღნიშნა სანიკიძემ.