გიორგი ცაგარეიშვილი :  ვიქტორ დოლიძეს მაღალი თანამდებობა შეშვენის

გიორგი ცაგარეიშვილი : ვიქტორ დოლიძეს მაღალი თანამდებობა შეშვენის

ვიქტორ დოლიძის მსგავსი კვალიფიკაციის ადამიანი ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება, - ასე უპასუხა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად ელის მომავალ მთავრობაში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მისი ყოფილი თანაპარტიელის, ვიქტორ დოლიძის დანიშვნას, რაზეც არაოფიციალურად მიდის საუბარი. 

ცაგარეიშვილი აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ „ვიქტორ დოლიძეს მაღალი თანამდებობა შეშვენის“. 

„ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე რამდენიმე დღე დარჩა. შესაბამისი პროცესები წარიმართება საქართველოს პარლამენტში. ვვარაუდობთ, რომ 22-24 ნოემბერს საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება. რადგან არის გარკვეული ჩამორჩენები კანონმდებლობიდან გამომდინარე, იგივე საბიუჯეტო პროცესი არის გასაგრძელებელი და დასასრულებელი რაც შეიძლება სწრაფად, ამიტომ ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის პერსონალური შემადგენლობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს და ამ მხრივ გაწერილი ვადები ოპტიმალურად გამოიყენოს. რაც შეეხება ვიქტორ დოლიძეს, სჯობს მას ჰკითხოთ თუ რას აპირებს. მე ვფიქრობ, რომ ვიქტორ დოლიძის მსაგავსი კვალიფიკაციის ადამიანი ევროიტეგრაციის საკითხების მიმართულებით საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება. მას აქვს უდიდესი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში - იყო ეუთო-ში საქართველოს ელჩი, მუშაობდა ბრიუსელში, ნატო-ში, მას აქვს ბრწყინვალე დიპლომატიური კარიერა. ვიქტორ დოლიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული დიპლომატიის ბევრი მიღწევა. ვფიქრობ, ვიქტორ დოლიძეს შეშვენის მაღალი თანამდებობა, დანარჩენი პირადად მისი, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის გადასაწყვეტია. ეს არის ჩემი კეთილი სურვილები, მაგრამ წინმსწრებად ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიას ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.