სასამართლომ უნდა იმსჯელოს კანაფის დათესვა-მოყვანისთვის თავისუფლების აღკვეთა არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში

სასამართლომ უნდა იმსჯელოს კანაფის დათესვა-მოყვანისთვის თავისუფლების აღკვეთა არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში

საკონსტიტუციო სასამართლოში კანაფის დათესვა-მოყვანისთვის სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას ასაჩივრებენ. 
სადაოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის რიგი პუნქტები, რომელიც კრძალავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი და იგივე შინაარსის სამი სარჩელია შეტანილი, რომელსაც აერთიანებს აღნიშნული სადაო ნორმა. 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანაფის დათესვა-მოყვანისთვის სასჯელი მკაცრია და არ უნდა ითვალისწინებდეს 4- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკეთას. 

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. მოსარჩელე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლის, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდეს განმარტებით, განმწესრიგებელ სხდომაზევე უნდა გადაწყდეს საკითხი და გაუქმდეს სასჯელი, რადგანაც ეს არის ბექა წიქარიშვილის საქმის გაგრძელება, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ იმსჯელა და მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

„ეს არის ფაქტობრივად კლონირებული საქმე და მიგვაჩნია, რომ იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს აქ, რაც ბექა წიქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთი წლის წინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა არის არაკონსტიტუციური და მკაცრი სასჯელი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თუ მცენარე მოჭრილია და ისე გიდევს სახლში მაშინ თავისუფლების აღკვეთა არ დაგეკისრება და თუ ქოთანში გაქვს ჩარგული, მაშინ თავისუფლების აღკვეთა დაგემუქრება. სასამართლომ უნდა იმსჯელოს თავისუფლების აღკვეთა კანაფის დათესვა-მოყვანისთვის არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი დღეც კი ამ ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა როგორც სასჯელი ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების უფლებას“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დაკომპლექტებული პირველი კოლეგია განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი წლის წინ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვის გამო პატიმრობა გააუქმა.