უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ მოწოდებას რუსული ტუროპერატორების მიმართ, რომ ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ.
„როსტურიზმის“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად ქვეყანაში უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია კომფორტული, უსაფრთხო გარემო. ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თვით უცხოელი ტურისტები. ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქისათვის რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული კომენტარის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მოგზაურობისას უცხოელმა ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმი“ რუსულ ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ. ამის შესახებ „როსტურიზმის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევმა სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა.უწყება ასევე ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში ვიზიტის დაგეგმვისას, „აქტუალური რისკები“ გაითვალისწინონ.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა „როსტურიზმს“ გაფრთხილებით იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება რუსების ვიზიტს საქართველოში. უწყებამ მოგვცა რეკომენდაცია, მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს და თავად ტურისტებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადი ამ ქვეყანაში გაიზარდა“, - აცხადებს სერგეევა.
როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური ურითერთობების არარსებობის გამო, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გაწევა ძალზე რთულია.
მისივე თქმით, საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის საფუძველზე 2015 წელს რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, კიდევ რამდენიმე კი დააჯარიმეს.