გიორგი კახიანი - გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე მისაღებ არც ერთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი კახიანი - გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე მისაღებ არც ერთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა. 

კახიანის თქმით, სადეპუტატო მანდატი კვირიკაშვილს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შეუწყდება, ხოლო ის თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს, ტექნიკური საკითხია. 

ამასთან, კახიანის თქმით, კახა კალაძე პარლამენტის პირველ სხდომაზე მისაღებ გადაწყვეტილებებში, გასამართ კენჭისყრებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან კალაძე ამჟამად მთავრობის წევრი არ არის და სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობისას, მხოლოდ პარლამენტის წევრი იქნება. 

”როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდგომ, რაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და პრეზიდენტი მთავრობას დროებით უფლებამოსილების განხორციელებას დაავალებს. გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუციის მე-80 მუხლის თანახმად გააგრძელებს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას და ის საპარლამენტო საქმიანობაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს. პარლამენტი რეგლამენტით გათვალისწინებული წესით შეუწყვეტს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. ის თუ როდის მოხდება ეს, ტექნიკური საკითხია, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული და ჩვენ რეალობიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. აღნიშნული პროცედურა ტექნიკურად რაც უფრო მალე განხორცილედება, მით უფრო მიზანშეწონილი იქნება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი კახიანმა. 

ახალი მთავრობის ფორმირებამდე, გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წევრიც ხდება და იმავდროულად, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელიც. 

საქმე ის არის, რომ გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრია და პარლამენტში იმავდროულად პრემიერ-მინისტრის რანგში შედის. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება და კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდება. შესაბამისად, წარმოიშვება ვითარება, როცა კვირიკაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში - ახალი მთავრობის ფორმირებამდე, პარლამენტის წევრიც იქნება და პრემიერ-მინისტრის მოვალეობასაც შეასრულებს.