საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განუცხადა, საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია.
”ძალიან საინტერესო ვიზიტია. ჩვენ კონტაქტი გვაქვს საქართველოს მოსახლეობის ყველა ნაწილთან და ვიცი, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ტრადიციულად ძალიან მაღალი პოზიცია უკავია. მას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. ამიტომ, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია”, - განაცხადა მამიკინსმა.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა განაცხადა, რომ ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის საერთო ღირებულებები არსებობს.
”ქრისტიანობა თავისი შინაგანი ბუნებით არის დემოკრატიული, თავისი შინაგანი ბუნებით არის გახსნილი. საერთო ღირებულებები არსებობს ჩვენსა და ევროპულ ღირებულებებს შორის. ორივე მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები”, - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.