სიეტლში, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქციის მახლობლად სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, სროლას სავარაუდოდ არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე აქციასთან.
„როგორც ჩანს, გარკვეულ ჩხუბს ჰქონდა ადგილი. მამაკაცი თავიდან წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა და სროლა დაიწყო“, - განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილე რობერტ მერნერმა.
სიეტლი ერთ-ერთი ის ქალაქია, სადაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პროტესტი გამოხატეს არიზონას, კოლორადოს, მასაჩუსეტსის, ვაშინგტონის მცხოვრებლებმაც, ნიუ იორკში კი „ტრამპ თაუერთან“ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.