ჰილარი კლინტონმა მომხრეებს მოუწოდა, დონალდ ტრამპს შანსი მისცენ

ჰილარი კლინტონმა მომხრეებს მოუწოდა, დონალდ ტრამპს შანსი მისცენ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა პირველი განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის წარმატებული მეთაური იქნება.

ნიუ-იორკში საკუთარი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას კლინტონმა კიდევ ერთხელ აღიარა მარცხი და გამოვიდა მოწოდებით, რომ ტრამპს შანსი მისცენ. „დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ვალდებული ვართ მივცეთ შანსი, მართოს ქვეყანა. გუშინ საღამოს ტრამპს გამარჯვება მივულოცე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან ერთად მუშაობას დავთანხმდი“, - განაცხადა კლინტონმა.

მისი თქმით, წუხს, რომ ვერ შეძლეს ღირებულებების დაცვა ამ არჩევნებზე და აღიარებს, რომ არჩევნებში დამარცხება მისთვის ძალიან მტკივნეულია. „ეს მტკივნეულია და კიდევ დიდხანს იქნება მტკივნეული, მაგრამ გახსოვდეთ: ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს“, - აღნიშნა დამარცხებულმა კანდიდატმა.

მან მომხრეებს მოუწოდა, იბრძოლონ საკუთარი იდეალებისთვის - სოციალური თანასწორობის, თანაბარი უფლებებისა და აღმსარებლობის თავისუფლებისთვის. „ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია, შევქმნათ ძლიერი, გაცილებით უფრო სამართლიანი ამერიკა“, - აღნიშნა კლინტონმა.

მანვე თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და პირველ ლედის, მიშელ ობამას. თავისი გამოსვლა ჰილარი კლინტონმა დაასრულა სიტყვებით „ღმერთო დაიფარე ამერიკა“.