არ ვფიქრობ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

არ ვფიქრობ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

არ ვფიქრობ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება, - ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა ბორის სოკოლოვმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

რუსი პოლიტოლოგი ამერიკისა და ევროპის ურთიერთობაზეც აკეთებს კომენტარს და ვარაუდობს, რომ ტრამპის გამარჯვება ნეგატიურად იმოქმედებს ევროკავშირზე.

”პირადად მე ერთი კვირის წინ ამ თემას სტატია მივუძღვენი, სადაც ვივარაუდე, რომ შანსები 50/50-ზე იყო, მაგრამ კლინტონის წინააღმდეგ ბოლო დღეებში იმეილებთან დაკავშირებით გახმაურებული სკანდალის გამო, არ გამოვრიცხე ტრამპის გამარჯვებაც.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ახლაც საკმაოდ ცუდია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ტრამპის პრეზიდენტების პერიოდში აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.

რაც შეეხება აშშ-ს ევროპულ პოლიტიკას, მეჩვენება, რომ ტრამპის გამარჯვება ნეგატიურად ძალიან დიდად იმოქმედებეს ევროკავშირზე. ეს შესაძლოა იმგვარი რამ აღმოჩნდეს, რაც ბრიტანული ბრექსიტი იყო“, - განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა.

იგი ჰილარი კლინტონის დამარცხების მიზეზებზეც საუბრობს.

„რაც შეეხება კლინტონის დამარცხების მიზეზებს, ჩემი აზრით, ეს უკავშირდება იმასაც, რომ კლინტონის გუნდს ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად არ ჰქონდა გაწერილი საარჩევნო კამპანია. ტრამპზე კომპრომატები - ქალებზე არაკორექტული გამონათქვამები და სექსუალური ზეწოლის შემთხვევები, ვრცელდებოდა ტელედებატების წინ. მართალია, სწორედ ამის გამო მოიგო კლინტონმა სამივე ტელედებატები, მაგრამ როგორც ვნახეთ, ამას საბოლო შედეგზე არანაირად არ უმოქმედია. როგორც ჩანს, კლინტონი ძალიან დააზარალა ბოლო დღეებში აგორებულმა სკანდალებმა არა მარტო იმეილებთან დაკავშირებით, არამედ იმასთან, რაც მის ფონდს უკავშირდებოდა. ალბათ, უფრო კვალიფიციურად იყო საჭირო ყველაზე ბოლო დღეებში ტრამპზე კომპრომატების გავრცელება.

ჩემი აზრით, კლინტონის დამარცხების მიზეზი ასევე გახლავთ ის, რომ კლინტონი არ აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელმაც შეძლო ამომრჩეველის კეთილგანაწყობის მოპოვება. მას არანაირი პოზიტიური პროგრამა აქ ჰქონდა, გარდა ტრამპის კრიტიკისა”, - განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა.

ბორის სოკოლოვი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზეც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკა არც მანამდე და არც არასდროს არ ყოფილა ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული.

”გამიჭირდება იმაზე მსჯელობა, თუ როგორ აისახება ტრამპის არჩევა საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკაზე. ერთადერთი რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, გახლავთ ის, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკა არც მანამდე და არც არასდროს არ ყოფილა ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული. საქართველოს საკითხი არ იქნება პირველი, რის გამოც პოლიტიკის ჩამოყალიბებას თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია შეეცდება. თუ რა თქმა უნდა, რაღაც კრიზისი არ შეიქმნა, მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც ახლა ნაკლებადსავარაუდოა. საერთოდ, პრეზიდენტ ტრამპის გეგმებზე მიჭირს საუბარი მანამდე, ვიდრე არ გვეცოდინება თუ ვინ არიან მისი გუნდის წევრები”, - განაცხადა სოკოლოვმა.