ფრანსუა ოლანდი - ტრამპის გამარჯვებით გაურკვევლობის პერიოდი იწყება

ფრანსუა ოლანდი - ტრამპის გამარჯვებით გაურკვევლობის პერიოდი იწყება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით „გაურკვევლობის პერიოდი“ იწყება. ამასთან, ოლანდმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში.

„ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება“, - განაცხადა ოლანდმა. 

ტრამპს გამარჯვება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც მიულოცა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო და თავისუფლების, დემოკრატიისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნებოდა.