ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ, - ასე იწყება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივი წერილი, რომელიც ცოტა ხნის წინ „ბიბისიზე“ გამოქვეყნდა.
„ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის რწმენის ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, რათა მოსახლეობის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელი მსოფლიოს ირგვლივ,“- ნათქვამია წერილში.
ტუსკისა და იუნკერის თქმით, ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება. მათივე განმარტებით, მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი ისეთ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც დაეში, უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა, კლიმატის ცვლილებების კონტროლი და მიგრაციაა.
„საბედნიეროდ, ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად ღრმაა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, გავუმკლავდებით იმ საფრთხეს, რომლის წინაშე აღმოსავლეთ და სამხრეთი ევროპის ქვეყნები დგანან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რათა ჩვენი თანამშრომლობა დარჩეს ისეთივე მტკიცე და ხანგრძლივი, როგორც აქამდე,“-ნათქვამია წერილში.
დონალდ ტრამპის მისალოც წერილში ტუსკმა და იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ ტრანსატლანტიკური ხიდის მშენებლობა.
ევროკავშირის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტრატების 45-ე პრეზიდენტი ევროპაში უკვე მიიწვიეს.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მალე შეხვდება და ის 2017 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია.