ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში თავისი პოზიციები არაერთხელ გაახმოვანა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხზე მისი შეხედულებები მოდიციფირებას დაექვემდებარება იმის გათვალისწინებით, თუ რა სისტემას და ვისი შემადგენლობით ჩამოაყალიბებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ვიტალი ნაუმკინმა განუცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში აქამდე გახმოვანებულ პოზიციების პოლიტიკად ქცევას პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს და მათ შეასრულებს.
”ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში თავისი პოზიციები არაერთხელ გაახმოვანა, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხზე მისი შეხედულებები მოდიციფირებას დაექვემდებარება იმის გათვალისწინებით, თუ რა სისტემას და ვისი შემადგენლობით ჩამოაყალიბებს ახლად არჩეული პრეზიდენტი. მას ამისთვის დრო აქვს. ტრამპის ინაუგურაციამდე ორი თვის მანძილზე, აშშ-ს ობამას ადმინისტრაცია მართავს. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაცია ნაბიჯებს ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით გადადგამს. ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში აქამდე გახმოვანებული პოზიციების პოლიტიკად ქცევას პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს და მათ შეასრულებს. მაგრამ, იგი ამას გააკეთებს იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, ვისაც ის დაეყრდნობა. თუ ვის დაეყრდნობა პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენ ჯერ არ ვიცით”, - განაცხადა ნაუმკინმა.
მისივე თქმით, ყველა პროგნოზირებდა კლინტონის გამარჯვებას, რაც მიანიშნებს ერთ რამეზე - „ისინი უკეთეს შემთხვევაში ცდებოდნენ, ანდაც გაცნობიერებულად იტყუებოდნენ და მათი ფასი კაპიკია“.
”მეორე რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ყველა პროგნოზი, რომელიც კეთდებოდა უამრავი რაოდენობა ინტელექტუალების, საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიური კვლევითი ცენტრებისა თუ ორგანიზაციების მიერ, ყველა მცდარი აღმოჩნდა. არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს პროგნოზი, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა. ასეთ ვითარებაში ლოგიკურია ვთქვათ - მათი ფასი კაპიკია. სხვათაშორის, ეს მედიასაც ეხება, რომელიც ასევე პროგნოზირებდა ტრამპის დამარცხებას. ყველა პროგნოზი სრული აბსურდი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს სისტემა ან გადასახედია, ან მათ მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი - ისინი უკეთეს შემთხვევაში ცდებიან, ან გაცნობიერებულად იტყუებიან. მესამე, რასაც ტრამპის გამარჯვება ნიშნავს ისაა, რომ იგი ამერიკულ საზოგადოებაში არსებულ განხეთქილებაზე მეტყველებს. განხეთქილება იმდენად ღრმაა, რომ მისი დაძლევა იოლი არ იქნება. თუ ტრამპი რაღაც ახალ პლატფორმაზე შეძლებს საზოგადოების კონსოლიდირებას, მას თავისივე იმ რადიკალურ ლოზუნგებზე მოუწევს უარის თქმა, რომლის შესახებაც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოთქვამდა, რომელსაც მისი ოპონენტები მკვეთრად აკრიტიკებდნენ. თუ ტრამპმა შეძლო მეტი პასუხიმგებლობით მიუდგეს იმას, რაზეც ადრე ლაპარაკობდა და საზოგადოებაში გაჩენილი დაპირისპირების მოხსნას შეეცდება, ასევე შეეცდება საზოგადოების იმ ნაწილთან საერთო ენის გამოძებნას, რომლისთვისაც ის კატეგორიულად მიუღებელია, იგი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ბევრად მოიგებს”, - აღნიშნა ნაუმკინმა.
მისივე თქმით, ვინაიდან ამერიკული პოლიტიკური სისტემა წონასწორობას ურთიერთდაბალანსებით ინარჩუნებს, კონგრესსა და სენატში „რესპუბლიკელები“ შეინარჩუნებენ კონტროლს, ტრამპს მოუწევს ფიქრი არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ურთიერთობები უნდა ჰქონდეს არა მარტო „დემოკრატებთან“, არამედ თავისივე თანაპარტიელებთან.
”კლინტონი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, იგი ძალიან სწრაფად დააკომპლექტებდა თეთრი სახლის ადმინისტრაციას. დაახლოებით ცნობილი იყო პოლიტიკოსთა რა ჯგუფისგან მოუწევდა კლინტონს სახელმწიფო მდივნის, ან თავდაცვის მინისტრის დანიშვნა. ტრამპის შემთხვევაში კი არავის იცის მნიშვნელოვან პოსტებს ვინ დაიკავებს”, - განაცხადა ნაუმკინმა.